9 აპრილს დაღუპული ნატო გიორგაძის და, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“თავმჯდომარის მოადგილე ჩოხატაურის საკრებულოში, მაია გიორგაძე სოციალურ ქსელში 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო,
მინდა ა. წ. 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, როგორც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანიდან ერთ-ერთის, ნატო გიორგაძის, დამ.
1989 წლის 9 აპრილი არის სიმბოლო ერის გამთლიანების, ურთიერთ სიყვარულისა და საქართველოსთვის თავდადების დღე და არა სიძულვილის, ზიზღის, დამცირების, ერთმანეთის ლანძღვისა და პროვოკაციების დღე.
განსაკუთრებით იმ ადამიანებისგანაა მიუღებელი ეს ყველაფერი, სისხლიანი აპრილის შემდეგ რომ ამაყობდა რუსული ბანითა და რუსული ხელოვნების სკოლის დამთავრებით. დღეს კი პაატა ბურჭულაძე “ქვეყნის მხსნელად” მოგვევლინა.
ამ ქვეყანაში მცხოვრებ არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება, რომ ვინმეს 9 აპრილს რუსთაველზე მისვლა და მემორიალის ყვავილებით შემკობა აუკრძალოს.
ჩემთვის ამზრზენი იყო იმის დანახვა, 9 აპრილის ღამის საათებში მემორიალის გვერდით როგორ აფრიალებდნენ “ლგბტ” დროშას. მივიღე ეს ჩემი დისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნის შეურაცხყოფად”, _ წერს მაია გიორგაძე.ა.