განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გურიას ესტუმრა.
მინისტრმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
„ეს გახლავთ ისტორიული სკოლა, რომელსაც არაერთი მამულიშვილი ჰყავს აღზრდილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ შენობაში, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი მათი სწავლისთვის“,_ განაცხადა ჩხენკელმა.
სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სკოლის შენობის სრულ განახლებას – შენობის გადახურვას, ეზოს შემოღობვას, გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთებასა და სველი წერტილების მოწყობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განახლების პროცესი ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.
ცნობისთვის, სოფელ ბახვის სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს.