26 მაისი მხოლოდ წარსულის გაცოცხლების დღე არ არის და არც ჩვეულებრივი დღესასწაული, არამედ 26 მაისი არის დაფიქრების და გააზრების დღე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„დღე, როცა ჩვენ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც ესაჭიროება ამ ქვეყანას, მის მომავალს, მისი მოსახლეობის კეთილდღეობას, მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ეს კითხვა ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას, ყველა მოქალაქემ, ამ ქვეყნის ყველა შვილმა, აქ, თუ საზღვრის მიღმა მცხოვრებმა, რამეთუ დამოუკიდებლობა სწორედ ამას ნიშნავს, ჩვენს ხელშია ჩვენი შვილების მომავალი. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ აირიდებს, თუმცა ეს დაფიქრება ცხადია, უფრო ჩვენ გვევალება, ვინც ტრიბუნის აქეთ მხარეს ვდგავართ, რამეთუ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ეს პასუხისმგებლობა მეტად გამძაფრებულია, რამეთუ საქართველო კიდევ ერთხელ დგას, როგორც საკუთარი ისტორიის არაერთ გადამწყვეტ მომენტში, გზაგასაყარზე. ჩვენს წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა. ეს ჩვენგან ითხოვს გარკვეულ პასუხებს, მზადყოფნას, შორსმჭვრეტელობას, მომავლის ჭვრეტას, გამბედაობას სიფრთხილესთან ერთად, ამას იმდენჯერ ვიტყვი, რამდენჯერაც საქმეს და ერთიანობას დასჭირდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.