ხვალიდან საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 5 და 6 აგვისტოს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსიც კი დაფიქსირდეს, მთაში +34, +36 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში +30 გრადუსი. ეს ორი დღე, განსაკუთრებით, ძალიან ცხელი იქნება. ზოგან გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
7 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. მაქსიმალური ტემპერატურა +33 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 5 და 6 აგვისტოს +35 გრადუსამდე დაფიქსირდება, 7 აგვისტოდან კი ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია +38, +39 გრადუსები ფიქსირდებოდეს 10 აგვისტოს ჩათვლით”,_ გვითხრა გვაზავამ.