ბუკნარში მართლმადიდებელი მრევლის შეკრება ისევ გრძელდება.
ერთ-ერთი ადგილობრივი, რუსუდან ლენთაძე, “გურა ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ის, რაც დღეს მათ სოფელში ხდება, პროვოკაციაა.
“გუშინ რაც მოხდა, იყო დაგეგმილი პროვოკაცია. რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩხუბი. კნკრეტულად, სამმა მუსლიმმა სცემა ერთი მართლმადიდებელი. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, იქიდან გამომდინარე, რომ აქ ლოცვას არავინ არავის არ უშლის. ჩვენ არ გამოვიძახეთ ჟურნალისტები და ტელევიზია იმის გამო, რომ არ გვინდოდა კონფლიქტი გამწვავებულიყო. გამოვიძახეთ მხოლოდ პოლიცია. სავარაუდოდ, ეს ფაქტი არ მოეწონათ და მეორე დღესვე სოფლის ცენტრში მოხდა ხელახალი შეხლა-შემოხლა. მე პირადადაც, გაშველების დროს, რამდენიმე მუსლიმის ხელი მომხვდა, რაც დაინახა ჩემმა მეზობელმა გია სანიკიძემ, რომელიც ჩხუბში საერთოდ არ მონაწილეობდა და მოვარდა, რომ ამ ჩხუბიდან გამოვეყვანე და დავეცავი. იგი ახლა დაკავებულია და არ ათავისუფლებენ. მანამდე სამი დღის წინაც დააკავეს მუსლიმთა წარმომადგენელი, გია ირემაძე, რომელიც რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს. გია სანიკიძე დაკავებულია არასამართლიანად, _ ამბობს რუსუდან ლენთაძე.
მისივე თქმით, მედია არასწორად აშუქებს სოფლის პრობლემას.
“ახლა ისე უნდათ გააშუქონ მდგომარეობა, რომ ამ სოფელში, თითქოს, მუსლიმებს ერჩიან და პრობლემებს უქმნიან. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს სიცრუა და ასე ნუ ხატავენ სიტუაციას, როცა ტელევიზიით ამბავს აშუქებენ! _ ამბობს ლენთაძე.