Reuters-ის ინფორმაციით, ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის რუსმა დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ორშაბათს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის სამხედრო თვითმფრინავის კაბინაშია და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის საჰაერო დუელში იწვევს.
კლიპი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის გადაღებულია სუ-24 ბომბდამშენ თვითმფრინავზე, რომელსაც ვაგნერი მართავდა.
ეს იყო უახლესი განცხადებებისა და ვიდეოების სერიიდან, რომლებშიც პრიგოჟინი ცდილობდა საკუთარი თავის და მისი პირადი ჯარის პოპულარიზაციას, როგორც რუსეთის სამხედრო ოპერაციების სათავეს აღმოსავლეთ უკრაინაში.
“ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ (ზელენსკი), ჩვენ ჩამოვედით. დავბომბეთ ბახმუტი.
ხვალ მიგ-29-ით გავფრინდები. თუ ასე გინდა, შევხვდეთ ცაში. თუ გაიმარჯვებთ, აიღეთ არტიომოვსკი (ბახმუტი). თუ არა, ჩვენ (მდინარე) დნიპრომდე მივდივართ”,_ ამბობს ის ვიდეოში.
პრიგოჟინმა მხოლოდ გასულ სექტემბერში აღიარა, რომ ის იყო ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურობდა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
მას შემდეგ მან მკვეთრად აამაღლა საკუთარი და მებრძოლების პროფილი, გააკრიტიკა რუსეთის შეიარაღებული ძალების წარუმატებლობა უკრაინაში და მოითხოვა, რომ ვაგნერს მეტი დამსახურება მიეღო მისი როლისთვის.
გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა ვაგნერის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა და მას ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაცია უწოდა. ვაგნერის შეფასებით, ამჟამად ვაგნერს ჰყავს დაახლოებით 50,000 თანამშრომელი უკრაინაში, მათ შორის 10,000 კონტრაქტორი და 40,000 მსჯავრდებული, რომლებიც რეკრუტირებულია რუსეთის ციხეებიდან.