ლანჩხუთში ევგრაფ შევარდნაძის სახელობის თასის რიგით მეორე გათამაშება დასრულდა. ტურნირში 2009-10 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ოთხი რეგიონის გუნდი მონაწილეობდა. მასპინძელი გურია მხოლოდ ლანჩხუთელი ბავშვებით წარსდგა (მწვრთნელი კახა გუჯაბიძე), ისევე, როგორც აჭარა _ ბათუმელი, ხოლო სამეგრელო, მარტვილის აკადემიის შეგირდებით იყო დაკომპლექტებული. მხოლოდ იმერეთი გამოცხადდა ნაკრების ეგიდით, სადაც სამტრედიის და ქუთაისის ბავშვთა სკოლის აღსაზრდელები თამაშობდნენ.
ტურნირი გურიისა და აჭარის ნაკრებთა შეხვედრით გაიხსნა და საკმაოდ საინტერესოც გამოდგა. მასპინძლებმა თავიდანვე ასახეს თამაშში უპირატესობა და შეხვედრა 5:2 მოიგეს. დღის მეორე შეხვედრაში, იმერეთის ნაკრებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეგრელი თანატოლები და 7:1 იმარჯვა.
ტურნირის მეორე დღეს დაძაბული შეხვედრა გამოდგა, რამეთუ გურულების მეტოქე სწორედ იმერული გუნდი იყო. მაღალორგანიზებულ მეტოქეს კახა გუჯაბიძის შეგირდებმა საოცარი მონდომება დაუპირისპირეს. ასაკით ყველაზე პატარა საბა ცანავას გოლის ხარჯზე საყაიმო შედეგი დიდხანს დაფიქსირდა, მაგრამ კლასმა ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და იმერეთმა დასკვნით წუთებში ორი უპასუხო გოლით გატეხა მეტოქე. მეორე შეხვედრაში კი აჭარის გუნდმა იოლად აჯობა სამეგრელოს _ 5:1.
ბოლო, მესამე დღეს, ჯერ აჭარა-იმერეთის პაექრობა შედგა და მალე გაირკვა ტურნირის ჩემპიონის ბედიც. მალე გამოჩნდა, რომ იმერელთა მძლეველი აქ არავინ იყო და შედეგად დიდი ანგარიში დაფიქსირდა _ 7:1, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ტურნირის გამარჯვებული, იმერეთის მართლაც ჩინებული ნაკრები გახდა.
ბოლო შეხვედრა თითქოს ფორმალობა იყო, მაგრამ აქ წყდებოდა მეორე ადგილის ბედი. მასპინძელთა გუნდს მხოლოდ 5 ბურთის სხვაობით არ უნდა წაეგო მარტვილელ თანატოლებთან და სხვა შემთხვევაში, მეორე ადგილს ვერავინ შეეცილებოდა. ასეც მოხდა, მაგრამ თამაში საოცარი სანახაობა გამოდგა. თავდაპირველად სტუმრებმა ორჯერ მოახერხეს დაწინაურება. მეორედ უკვე 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ ლანჩხუთელთა კაპიტანმა, ამპლუით მცველმა ნიკა კუკულაძემ ორი შორეული დარტყმით ანგარიში გააყაიმა. თუმცა, ბოლოს მარტვილელებმა მაინც ივარგეს და პირველი გამარჯვებითაც გაიხარეს. აღმოჩნდა, რომ ერთბაშად სამმა გუნდმა 3-3 ქულა დააგროვა, მაგრამ ბურთების სხვაობით მეორეზე გურია გავიდა, მესამეზე აჭარა, ხოლო ბოლო ადგილი სამეგრელოს ერგო.
როგორც წესი, ტურნირის დასრულებისთანავე დაჯილდოების ცერემონია შედგა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ. ნომინაციები კი ასე განაწილდა _ საუკეთესო მეკარედ ლანჩხუთელი ლუკა კიკვაძე აღიარეს, მცველთა ნომინაციაშიც ჩვენებური ნიკა კუკულაძე გამოარჩიეს. საუკეთესო ნახევარმცველობა აჭარის გუნდის წევრს, გიორგი თოდრიას ერგო, ხოლო თავდამსხმელად მარტვილელი ანდრია ლოლუა აღიარეს. ტექნიკურ ფეხბურთელთა ნომინაციაში იმერელმა აჩი ჩუბინიძემ იმარჯვა, ასევე, იმერელი ავთანდილ ხარძეიშვილი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ერთხმად აირჩიეს.
რაც შეეხება ლანჩხუთელ საბა ფაცურიას, იგი საუკეთესო მეგოლე გახდა, ხოლო საბა ცანავა ორი პრიზის მფლობელი შეიქნა. იგი იოსებ ჩერქეზიასთან ერთად ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე აღმოჩნდა და ასევე, პერსპექტულ ფეხბურთელად აღიარებაც ერგო.