ევროკავშირი ჩინეთს ჰონგ-კონგის ავტონომიის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
როგორც Reuters იუწყება, აღნიშნული განცხადება ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონს უკავშირდება.
„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჰონგ -კონგის მაღალი ხარისხის ავტონომიის დაცვას ძირითადი კანონის და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად,”_ განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ჩარლზ მიშელმა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრთან გამართული ვიდეო კონფერენციის შემდეგ მან დასძინა, რომ ევროპას და იაპონიას ჩინეთთან მიმართებაში საერთო აზრი აქვთ.
მისი თქმით, ევროპა მხარს უჭერს „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა” პრინციპს, რომელიც მართავს ჰონგ- კონგის ავტონომიას.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩინეთის პრემიერ -მინისტრმა წარმოადგინა უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც შეამცირებს ჰონგ -კონგის ცალკეულ იურიდიულ სტატუსს. სავარაუდოდ მას ჩინეთის ეროვნული კონგრესი ხუთშაბათს დაამტკიცებს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დისკუსიას პარასკევს გამართავენ.
როგორც ევროკავშირის აღმასრულებელი კომისიის სპიკერმა განაცხადა, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, განიხილება თუ არა სანქციები პეკინის წინააღმდეგ.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ორშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირს პეკინთან მიმართებაში „უფრო ძლიერი სტრატეგია” სჭირდება.