დღეს ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების შესახებ.
“საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
როგორც ევროსაბჭო განმარტავს, რომ ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლისთანავე – და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან სავიზო მოთხოვნისაგან – წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ მიიღონ ეროვნული ზომები დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნის გამოსაყენებლად.
როგორც საბჭოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:
_ ეს გადაწყვეტილება არის რეაქცია გასულ წელს საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას და ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას.
საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც დაიდო ფასილიტაციის შეთანხმება და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ინტერესებს.
გადაწყვეტილება ასევე არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა 2024 წლის 28 ნოემბერს, რომ აღარ გააგრძელებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე.