ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, უნგრეთი სრულად დემოკრატიულ ქვეყნად ვეღარ ჩაითვლება – ამის შესახებ france24 წერს.
როგორც გამოცემა წერს, 15 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციას ევროპარლამენტის დეპუტატების 81%-მა დაუჭირა მხარი.
რეზოლუციას 433 ევროპარლამენტარის მხარდაჭერა აქვს, 123-ი კი წინააღმდეგი იყო.
france24 წერს, რომ პოპულისტი პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც უნგრეთს მართავს, მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, რომელიც “სერიოზულად არღვევს” ევროკავშირის დემოკრატიის ნორმებს.
ევროკავშირის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნგრეთი გადაიქცა საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად, რის მიზეზადაც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის რღვევაა დასახელებული.
აღნიშნული დოკუმენტი, უნგრეთის პარლამენტმა უკვე გააკრიტიკა.
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის რეკომენდაციას უნგრეთისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მოსაწყენი ხუმრობა უწოდა.
ევროპარლამენტის კანონმდებლების უმრავლესობა თვლის, რომ უნგრეთში ორბანის მმართველობიდან დღემდე დემოკრატია მნიშვნელოვნად დაზიანდა.
“რაც შეეხება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, ვფიქრობთ, ეს ხუმრობის სფეროა, თუმცა, ჩვენ არ ვიცინით, რადგან ეს მოსაწყენი ხუმრობაა. ისინი [ევროპარლამენტის წევრები] ამას გასართობად აკეთებენ, ჩვენ მათ ყურადღებას არ ვაქცევთ”. – თქვა ორბანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 18 სექტემბერს ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უნგრეთისთვის გარკვეული დაფინანსების შეჩერებას, რომელიც ამჟამად ბლოკის 2021-2017 წლების საერთო ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. ამის მიზეზად უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპის რღვევას ასახელებენ.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი თავის მიერ შემუშავებულ ახალ ფინანსურ სანქციას დააწესებს, რომელიც მიზნად 27-ქვეყნიან ბლოკში დემოკრატიული პრინციპების დაცვას ისახავს.
ერთ-ერთი ანონიმური წყაროს თქმით, უნგრეთისთვის გამოყოფილი 22.5 მილიარდი ევრო შესაძლოა 70%-ით შემცირდეს, თუმცა არცერთი მაღალჩინოსანი ზუსტ თანხას არ ასახელებს.
ავტორი