ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ.
„საფუძვლები მოიცავს შიდა უსაფრთხოების საფრთხეებს (მათ შორის, შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების ზრდას) და თავშესაფრის წარუმატებელი განაცხადების, შესვლაზე უარის თქმის ან ვიზების ვადის გადაცილებით დარჩენის მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას. რეფორმა შეჩერების დაწყების ახალ საფუძვლებს ამატებს, კერძოდ: ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია); ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ე.წ. „ოქროს პასპორტები“), რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს; ევროკავშირის ვიზების პოლიტიკასთან შეუსაბამობა; გაეროს წესდების დარღვევა; საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები; და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის პრესრელიზში.
როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ განახლებული წესების მიღება, ნაწილობრივ, საქართველოს გამო ხდება.
კანონმდებლობა პლენარულ სხდომაზე 518 ხმით 96 წინააღმდეგ დამტკიცდა, 24-მა ევროპარლამენტარმა კი თავი შეიკავა. ის ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. კანონმდებლობა ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა.



































































