საქართველო სწრაფად მიიწევს წინ და სპორტის სფეროში ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ართმევს თავს _ ასეთი შეფასება მისცა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა „ეპასის“ აღმასრულებელმა მდივანმა,რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა ეპასის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხზე.
“ეპასის ეგიდით მინისტრების შეხვედრაც იგეგმება, სადაც მოხდება ნაციონალური სპორტის პროგრამის ინმპლემენტაცია, ეს იქნება ანტიდოპინგური და ჩაწყობილ თამაშებზე საერთო ხედვის და პროგრამის ჩამოყალიბება, ეს ყველაფერი კი ამ პრობლემების მართვას შეუწყობს ხელს“ – ეს განცხადება თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა „ეპასის“ (ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის სფეროში) აღმასრულებელმა მდივანმა სტანისლას ფროსარდსმა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოსა და ეპასის ფარგლებში მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის: ევროპის საბჭოს სპორტის სფეროში არსებული კონვენციების მდგომარეობა, ეროვნულ დონეზე არსებული სიტუაცია, კარგი მმართველობის პრინციპების დახვეწა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელით ხელმოწერილია “სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია, “დოპინგსაწინააღმდეგო კონვენცია“ (2003 წ) და “ფეხბურთის მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (2016), ხოლო საქართველო ეპასის ოფიციალური წევრია 2010 წლიდან.
ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ ევროპის საბჭოსთან ერთად ჩვენ გვაქვს საინტერესო პროექტები, სტუმარმა კმაყოფილება გამოთქვა, ქართული მხარის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ბოლო წლების განმავლობაში. ჩაწყობილი თამაშები კუთხით, ასევე სტადიონებზე ძალადობის ბრძოლის თვალსაზირისით გვაქვს გარკვეული წარმატებები, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ უნდა ვიმუშავოთ. ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან შეგვიძლია მეტი სარგებელი მივიღოთ, მმართველობის და მენეჯმენტის ხარისხის მიმართულებით. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია და ქართულ სპორტს უთუოდ სჭირდება, რათა საქართველო იყოს სანიმუშო ქვეყანა სწორი მენეჯმენტისა და სპორტის სწორი განვითარების კუთხით“.