ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანაზე მომუშავე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. ევროპელი სტუმრები კანონის ძირითად მიმართულებებს და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთან დაკავშირებულ კანონზე ვისაუბრეთ. სტუმრებთან დეტალურად განვიხილეთ სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს მოვახსენეთ, რომ სააგენტოს კონტროლის მექანიზმი არის ძალიან მაღალი და იგი სამი სახელისუფლებო შტოდან ხორციელდება. ვფიქრობ, რომ სტუმრები ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში დავარწმუნეთ და ავუხსენით, რომ ამ კანონპროექტის მიღებით, ჩვენ როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებას, ასევე ადამიანის უფლებებს მაღალ დონეზე დავიცავთ”, _ განაცხადა პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან გამართული შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა შეაფასა.
„ევროპელ კოლეგებს ამ კანონთან დაკავშირებით ყველა იმ კითხვაზე, რაც მათ აინტერესებდათ, ამომწურავი პასუხები გავეცით. კანონპროექტზე მუშაობისას ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის პირი და დასაცავი ობიექტი, რომელიც კანონიდან გამომდინარე არსებობს. შესაბამისად იგი როგორც კონკრეტული ადამიანების უფლებებს, ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას იცავს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან გამართულ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ.