პარტია “ევოპული საქართველოს” ოზურგეთის მერობის კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. “გურია ნიუსისთვის” ექსკლუზიურად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ პოსტისთვის პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილი იბრძოლებს.
აღნიშნული ინფორმაცია პარტიაში უკვე დაგვიდასტურეს. ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არც მერობის კანდიდატი უარყოფს. მიხეილ გოგოტიშვილი ამბობს, რომ აქტიურ საარჩევნო კამპანიას აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყებს.
42 წლის მიხეილ გოგოტიშვილს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს _ 1998 წელს პოლიტიკური მოღვაწეობა “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირიდან დაიწყო”. შემდეგ იყო “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჯერ სოფლის გამგებელი იყო, შემდეგ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუშაობდა გამგებლის მოადგილედაც.
ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გამარჯვებისთვის მზადაა და პრობლემაც არ ყოფილ თანაგუნდელებთან დაპირისპირება წარმოადგენს:
_ ჩემი ყოფილი თანაპარტიელების გამარჯვებისთვის წლების განმავლობაში ბევრი რამ მიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი და ჩემი პარტიის გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლო, _ გვითხრა გოგოტიშვილმა.
მისივე თქმით, პარტიული სია და სოფლებში წარსადგენი მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა ჯერ საბოლოოდ არ შეთანხმებულა და მათ დასახელებას იმ პრეზენტაციაზე გეგმავს, რომელზეც მის კადიდატურასაც ოფიციალურად წარადგენენ.