ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.
როგორც ცნობილია, საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. თუმცა მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.
საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ჯგუფი კონკურსის მეორე ნახევარფინალში მაყურებლის წინაშე სიმღერით Lock Me In წარდგა.