Facebook-მა სოციალური ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა. მათ შორის მოხვდა სამი ქსელი, რომელთა სამიზნე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა იყო, მათ შორის საქართველოც.
როგორც Facebook-ის განცხადებაშია ნათქვამი, ჯგუფები და გვერდები რუსეთიდან იმართებოდა და მათი მიზანი საკუთარი კონტენტის გავრცელება იყო აშშ-ში, სირიაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, სომხეთში და ბელარუსში მიმდინარე პროცესების, ასევე ნატოს შესახებ.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ,,კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“ უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალური ქსელ Instagram-ის 34 ანგარიში.
,, კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად და არაბულად. ისინი ხშირად აქვეყნებდენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატოს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ კორდინირებულ საქმიანობას 2018 წლის აგვისტოსა და 2020 წლის თებერვალში წაშლილი ქსელებს უკავშირდება.
იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ოპერაციის უკან მდგომმა პირებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა დაემალათ საკუთარი ვინაობა და კოორდინრება, ჩვენმა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა“, – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.