გამოცემა Financial Times წერს, რომ რუსეთი კერძო ბიზნესებსა და დასაქმებულებზე კონტროლს აძლიერებს, რათა ეკონომიკა საომარ მოქმედებებს მოახმაროს – რაც მანიშნებელია იმისა, რომ ქვეყანა უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთი ვიცე-პრემიერის, იური ბორისოვის თქმით, რუსეთი უკვე ოთხი თვეა სანქციების დიდი ზეწოლის ქვეშ “უკრაინაში სპეცოპერაციას ახორციელებს”.
მან დუმას განუცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ტვირთი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ, მისი განმარტებით, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების გარანტირებისთვის აუცილებელია თავდაცვის ინდუსტრიული კომპლექსისა და საწარმოების მუშაობის ოპტიმიზაცია.
როგორც Financial Times წერს, პირველი კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით პარლამენტის ქვედა პალატამ უკვე მიიღო, მთავრობას საშუალებას აძლევს, დაავალდებულოს ბიზნესი, შეასრულოს სახელმწიფოს თავდაცვის კონტრაქტები, ხოლო თავდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებებს უფლებას აძლევს შეცვალონ ხელშეკრულების პირობები. შედეგად, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, აიძულოს ქარხანა, წარმოება სამხედრო საჭიროებაზე გადართოს და, ასვე, გააკონტროლოს, თუ რამდენ პროდუქტს ან სერვისს უზრუნველყოფს ბიზნესი.
შეზღუდვები, პირველ რიგში, იმ საწარმოებს ეხებათ, რომლებიც უკვე არიან თავდაცვის სექტორის მიმწოდებელთა სიაში. ბორისოვის თქმით, კანონპროექტი მცირე და საშუალო საწარმოების შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის მუშაობის დავალდებულებას არ ითვალისწინებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მეორე კანონპროექტი შრომის ფედერალურ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს: მთავრობას მიეცემა უფლება, გაზარდოს კონტროლი სამუშაო ძალაზე, კერძოდ, დაადგინონ შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი პირობები ცალკეულ ორგანიზაციებში: მათ შორის – მუშაობა არასამუშაო საათებში – ღამით, შაბათ-კვირას, არდადეგებსა და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებაზე.
ვიცეპ-რემიერის განმარტებით, ცვლილების მიზანია უპასუხოს თავდაცვის ბიზნესში სპეციალისტ თანამშრომელთა ნაკლებობას. ისინი, ვინც იძულებულები იქნებიან დამატებით საათებში იმუშაონ, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას მიიღებენ.
დუმაში ინიციირებულ კანონპროექტს თან ერთოდა განმარტება, რომ შემოთავაზებული ახალი კანონები სპეციალურად სამხედროების მხარდაჭერასა და სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებას მოხმარდება. მისი საჭიროება კი, დოკუმენტის მიხედვით, სანქციების გამო დადგა.
კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა, იგი ჯერ ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწეროს.
გასულ კვირას ფინანსთა სამინისტრომ ზოგიერთ სფეროში, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარებაში, ხარჯების 1.6 ტრილიონი რუბლით შემცირების საკითხი დააყენა.
,,მოსალოდნელია, რომ დასავლეთის სანქციების გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება. ისინი უარესისთვის ემზადებიან” – აღნიშნა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ, ელინა რიბაკოვამ.
ავტორი