ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ტრაქტორებს გზის გაწმენდა უჭირთ.
სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ გუშინ საღამოს აღნიშნული საკითხის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ბაჩო ახალაძემ.
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის კოხნარში – ამის შესახებ სასაუბროდ “გურია ნიუსი” ბაჩო ახალაძეს დაუკავშირდა.
“კოხნარის ცენტრიდან სოფლების მიმართულებით ყველა შესასვლელი გაუწმენდავია. შიდა გზები პარალიზებულია. რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მოეწოდება.
როგორც ვიცი, მსგავსი პრობლემაა საჭამიასერის რამდენიმე უბანზე, ასევე წიფნარის უბნებშიც ანალოგიური მდგომარეობაა, შესასვლელი ჩიხები გასაწმენდია. მესმის, რომ ტექნიკა არ ჰყავთ, მაგრამ ხალხის გასაღიზიანებლად მაინც ნუ ამოდის ეს ტრაქტორი. ამოდის და ვეღარ დადის,_ ამბობს ახალაძე.
რატომ ვერ ხერხდება კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შიდა გზების გაწმენდა, რა პრობლემები შექმნა თოვლმა – ამის შესახებ მერის წარმომადგენელს, ზაზა ანდღულაძეს ვესაუბრეთ.
ანდღულაძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ გზის გაწმენდა ტექნიკას უჭირს.
“უხვმა ნალექმა შექმნა პრობლემები. გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. ამდენ ტრაქტორებს ვამუშავებთ და ბოლოში ვერ გავდივართ მაინც. კოხნარის ცენტრს ვწმენდთ ყოველდღე. შიდა გზები ვერ იწმინდება, რადგან უხვი ნალექის გამო ვერ ვწმინდავდით. ახლა ველოდებით სხვა ტრაქტორებს კიდევ”,_ ამბობს ანღულაძე.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე 10-ამდე ოჯახია დარჩენილი.
“ელექტროენერგია სოფელს მიეწოდება, მაგრამ გუშინ მოხდა დაზიანება ერთი მიმართულებით და დაახლოებით ათ ოჯახს არ მიეწოდება დენი”,_ ამბობს მერის წარმომადგენელი კოხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ანდღულაძის ინფორმაციით, თოვლის საფარი ნაკადულში და წიფნარში დაახლოებით 1 მეტრი იქნება.
ავტორი