ოზურგეთელებისთვის ბოლო ერთი კვირა დაძაბული აღმოჩნდა _ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმების საკითხი, რასაც საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებში ხმაური მოჰყვა. ამ ფონზე კი პარტიები წინასაარჩევნოდ უკვე აქტიურ მუშაობას შეუდგნენ.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში, ვინ არიან ბიუროს წევრები, დაინიშნა თუ არა აღმასრულებელი მდივანი? _ ბოლო დღეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ოფისში განსაკუთრებული ხალხმრავლობა და საქმიანი მიმოსვლა შენიშნება. ოფისს კი “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მეთვალყურეობას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კობა დუნდუა უწევს. უფრო მეტიც, როგორც მან “გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამ დღეებში, სტუმრებისთვის მასპინძლობის გასაწევად, შვებულებაც კი აიღო.
ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციას ისევ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ხელმძღვანელობს. ბიუროს წევრები კი _ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, მერის მოადგილე კობა დუნდუა და სოფელ შრომის დეპუტატი დავით ჭაკნელიძე არიან. ჯერჯერობით, ვაკანტურია ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გელა კობალაძის პოსტი, რომელიც, ასევე, ბიუროს წევრი იყო.
რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სიებს, ჩვენი ინფორმაციით, პროპორციულ სიებზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ბიუროს სხდომა ჯერ ოფიციალურად არ ჩატარებულა, ამის შესახებ ოფიციალური პასუხი, ვერც პარტიის თავმჯდომარისგან და ვერც ბიუროს წევრებისგან ვერ მივიღეთ.
პარტიას არ ჰყავს აღმასრულებელი მდივანი, თუმცა, ამ პოსტზე “გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის დეპუტატის ბიძინა გობრონიძის და ქალაქ ოზურგეთის მერიის წამყვანი სპეციალისტის მარიამ ჩხიკვიშვილის კანდიდატურები განიხილება.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, მარიამ ჩხიკვიშვილის კანდიდატურა, თითქმის, გადაწყვეტილი იყო _ მას ბიუროს ყველა წევრი უჭერდა მხარს გარდა სოსო ერქომაიშვილისა და მისი კანდიდატურა ამ ეტაპზე აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დროებით შეჩერებულია, სამაგიეროდ, წყაროს მტკიცებით, სწორედ, ერქომაიშვილი ლობირებს გობრონიძის კანდიდატურას.
“გურია ნიუსმა“ მოიპოვა ორივე კანდიდატის კომენტარი. გობნრონიძე და ჩხიკვიშვილი თავიანთი კანდიდატურების აღმასრულებელი მდივნის პოსტზე განხილვას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ:
ბიძინა გობრონიძე: “არ უარვყოფ, არც ვადასტურებ, საუბრები არის, გამორიცხული არაფერია“.
მარიამ ჩხიკვიშვილი: “არც უარვყოფ, არც ვადასტურებ“.
რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთის მერობის კანდიდატს, ამ საკითხზე უკვე ღიად საუბრობენ, რომ ეს მერის თანამდებობის დაკევება კობა დუნდუას სურს, საკრებულოს თავმჯდომარეობა კი, გუბერნატორის მოადგილეს სოსო ერქომაიშვილს.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ არჩვენებში კანდიდატურების ბედს სუს-ი გადაწყვეტს, მაშინ დუნდუასა და ერქომაიშვილის სავარაუდო კანდიდატურები სიმართლეს შეესაბამება, რადგან აქედან ერთ-ერთი სუს-ს უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილის იოსებ გოგაშვილის ახლო ნათესავია მეორე კი _ უახლოესი მეგობარი.
იოსებ გოგაშვილთან ახლო ნათესაურ კავშირს კობა დუნდუა “გურია ნიუსთან“ ადასტურებს, უახლოესს მეგობრობას კი ერქომაიშვილი. რაც შეეხება გაჟღერებულ კანდიდატურებს, ორივე მათგანი “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ამაზე საუბარი ნაადრევია.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს დავით დარჩიას ის “გურია ნიუსის“ მიერ დასმულ შეკითხვებზე დაიბნა და ასეთი პასუხები გაგვცა:“რაა? აღმასრულებელ მდივნად, რა ბიძინა… ნამდვილად არ ვიცი? რა თანამდებობა უნდა დაიკავონ დუნდუამ და ერქამაიშვილმა, რა ვიცი მე… არც პარტიის წევრები ვიცი“, _ ამბობს დარჩია.
კითხვაზე _ უნდა თუ არა საკრებულოს თავმჯდომარეობა გუბერნატორის მოადგილეს, სოსო ერქომაიშვილი “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ჭორი, რომელიც ძალიან ადრე დაიძრა:
“მეც მსმენია, რომ თითქოს მე მამზადებენ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვარ გუბერნატორის მოადგილე და ვასრულებ ჩემს მოვალეობას ჩემს პოზიციაზე. ასევე, ვერაფერს გეტყვით კობა დუნდუას მერობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით, ანუ ეს საკითხები დღის წესრიგში ოფიციალურად არ არის“, _ ამბობს ერქომაიშვილი.
რაც შეეხება ერქომაიშვილის მიმართ სუს-ის ლობირებას, ის ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი მისი მეგობარია:
“ვარ თუ არა სუსის კადრი? მე ვარ “ქართული ოცნების კადრი“ მე ვარ საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების“ ერთ–ერთი დამფუძნებელი. რაც შეეხება მეგობრობას სოსოთან, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ თანამებრძოლები და ასევე, მეგობრები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე, ვინმეს მართავს, ვინმე ვინმეს ლობირებს და ვინმეს რამეს „უპრავებს“.
კითხვაზე _ ლობირებს თუ არა ის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ბიძინა გობრონიძის დანიშვნას და დაბლოკა თუ არა მარიამ ჩხიკვიშვილი, ერქომაიშვილის პასუხი ასეთია:
“მინდა ვთქვა, რომ “ქართული ოცნება“ მოხარული იქნება იმით, რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი კადრი მიიზიდოს პარტიის რიგებში. მარიამ ჩხიკვაძეს ვიცნობ, როგორც კარგ ადამიანს, განათლებულ და ენერგიულ პიროვნებას, რომელიც ჩართული იყო პარტიულ საქმიანობაში და ეს მახარებს. მეც მსმენია იმის შესახებ, თითქოს, ვეწინააღმდეგები მის კანდიდატურას აღმასრულებლის პოზიციაზე, მაგრამ ეს არ გახლავთ სიმართლე. რაც შეეხება გობრონიძის კანდიდატურას, აქაც განვმეორდები და ვიტყვი, “ქართულ ოცნების“ პრიორიტეტია ჯანსაღი კადრების მოზიდვა, თუმცა, გობრონიძის შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, მისი რესურსი ჯერ კიდევ 4 წლის წინ იქნა პარტიის მიერ შერჩეული, რამაც ხელი შეუწყო მის გადეპუტატებას სოფელ თხინვალში. ასე რომ, ვადასტურებ მხოლოდ ერთს, “ქართულ ოცნებას“ სჭირდება ახალი სისხლი და ჯანსაღი რესურსი, როგორც ყველა დახვეწილ და მართველ პარტიას ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში“, _ამბობს სოსო ერქომაიშვილი.