დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა და მომდევნო წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.
სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველოს დეპარტამენტში განმარტავენ, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. შვიდი დღის შემდგომ, გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტები აისახება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზებში, რის საფუძველზეც, გარემოსდაცვითი პატრულირების ეკიპაჟი შეძლებს ქვითრის გადამოწმებას სისტემაში. გარდა ამისა, მონადირემ თან უნდა იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.