გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დღეს სრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 1-ლი მარტიდან იკრძალება.
აკრძალულ პერიოდში ნადირობა გამოიწვევს საჯარიმო სანქციას. ზოგ შემთხვევაში, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა კონფისკაციას, ასევე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით, გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.