დღეს, ოზურგეთის ცენტრში, ეკლესიის სიახლოვეს, სანდომიანი ქალბატონი ბზის ნერგებს სთავაზობს ადამიანებს და ბზობის დღესასწაულს ულოცავს თითოეულ მათგანს.

_რუსუდან მესაბლიშვილი ვარ, ხვარბეთში ვცხოვრობ. ბზის ნერგების გამოყვანა, დიდი ხანი არ არის რაც დავიწყე. ხუთი წლის წინ, ერთ ბზობა-დღეს დამტვრეული, გადაყრილი ბზის ტოტები ვნახე. ეტყობა, ვერ გაყიდეს ან უაზროდ დატეხეს და გადაყარეს. გული მეტკინა. მაშინ გადავწყვიტე, გამომეყვანა ბზის ნერგები. ავკრიფე ეს დატეხილი ტოტები, გავასუფთავე, ზომებად დავჭერი , დავაკალმე და მივიღე პირველი ნერგები. ახლა ვყიდი. მაღალ ფასს არ ვადებ. რაც მთავარია, დაფესვიანებულ, საიმედო ნერგს ვყიდი. მთავარია, ბზობის დღესასწაულის შემდეგ, გადაიტანონ ნიადაგში,თუნდაც მოზრდილ ქოთანში. ეზოსაც დაამშვენებს და სახლსაც. ასე არ დაგვეკარგება გადაშენების პირას მისული ეს მცენარე, _ გვითხრა ქალბატონმა რუსუდანმა და ერთ გამვლელს ნერგი აჩუქა. ასევე შემოგვთავაზა ჩვენც.

_ ბზობას გილოცავთ. თქვენ ყველაზე უკეთ შეგიძლიათ, უთხრათ ადამიანებს, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ უნიკალურ ბუნებას. ჩვენ ხომ შეუფასებელი სიმდიდრის პატრონი ვართ. ხალხის ბრალიც დიდია იმაში, თუ დღეს ქვეყანაში ბევრი რამ არ მოგვწონს,_ კეთილი ღიმილით დაგვემშვიდობა პოზიტიური, საქმეზე შეყვარებული ქალბატონი.

































































