“იმ წიგნს ვგავარ, რომელიც არ გადაუშლიათ და არ წაუკითხავთ!”
ვისი გულიდან დაიძრა ეს ტკივილიანი სიტყვები? ავტორი არ ვიცი, თუმცა, თითოეულ სიტყვაში საკუთარი თავი დავინახე.
წიგნი შეიძინე! არ გადაშალე! არ წაიკითხე! რატომ? იმიტომ, რომ ვერ ჩაწვდი სიბრძნეს _ “წიგნის მოყვარული ადამიანი ზიანს არასდროს მოგაყენებს!”
შენ ეს წიგნი თაროს გასალამაზებლად, სხვათა დასანახად შეიძინე!
არგადაშლილი, არწაკითხული წიგნი!
ვინ, როდის, როგორ და რატომ დამამსგავსა ასეთ წიგნს?!
ვინ? _ თავს ვებრძვი! ფიქრშივე ჩავტოვო მათი სახელები?!
როდის? _ როცა საქართველოში ზოგიერთებისგან არასწორად აინთო დემოკრატიის შუქურა (დემოკრატია ხომ ხალხის ხელისუფლებას ნიშნავს _ საქართველო და ხალხის ხელისუფლება?!)…
როგორ? _ არაფრად ჩაგდების ფარდის ჩამოფარებით!
და ეს ყველაფერი დაიწყო, ე. წ. “კომუნისტური რეჟიმის” უარყოფის, ეროვნული მოძრაობის, ნაციონალებ-ოცნების გაბატონების შემდეგ.
1963 წლიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ვარ ჩაბმული.
ვის არ შემახვედრა, ვინ არ გამაცნო ჩემმა საყვარელმა პროფესიამ…
რამდენ ადამიანს ვუნთებ ხსოვნის ჩაუქრობელ სანთელს.
როგორ შეიძლება მოწიწებით არ წარმოვთქვა იმათი სახელები, რომლებმაც დასახმარებლად მადლიანი მარჯვენა გამომიწოდეს, ცხოვრების სწორ გზაზე დამაყენეს.
ამ წერილითაც მინდა მათ თავი დავუდრიკო: დიდი მწერალი და განუმეორებელი პიროვნება ლევან გოთუა, გაზეთ “პრავდის” კორესპონდენტი გიორგი ლებანიძე, სოფელ მელექედურის მრავალტირაჟიანი გაზეთ “წინსვლის” რედაქტორი გერმანე ანდღულაძე, ამავე კოლმეურნეობის თავმჯდომარე შოთა ბაბილოძე, ადგილობრივ რადიოგადაცემათა რედაქტორები: რუბენ ბურჭულაძე და ჭიჭიკო ხომერიკი, გაზეთ “ლენინის დროშის” (“ალიონი”) რედაქტორი აფთონ გურგენიძე, ამავე რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი ელგუჯა შევარდნაძე, მაღაროთა სამმართველოს დირექტორი თეიმურაზ ქილიფთარი, რაიკომის მესამე მდივანი ნოდარ მდინარაძე…
ეს ადამიანები, სულით და გულით კეთილშობილნი, თავიანთი სიტყვით, მოქმედებით ძალას მატებდნენ მათ, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. მე, მათი თანადგომით და შემწეობით, ვიპოვე ჩემი გზა.
მე ჩემს ნაწერებში უნდა მეძებოთ _ არის ასეთი შეგონება, მათ მე ჩემს ნაწერებში მიპოვეს და ჩემი ოზურგეთელების გვერდში მყარად დამამკვიდრეს!
დღეს? _ დღევანდელობა ტკივილს მიმძაფრებს!
რატომ? _ დემოკრატიული ოზურგეთის ხელისუფალთათვის კუთხეში მიგდებული ჩამქრალი ლამპარი ვარ.
რატომ? _ მათთვის ხომ უცხოა “წარსულისადმი ხსოვნა, პატივი, თუ შენში ოდნავ მაინც ელვარებს…”
აღარ გავაგრძელებ ამ საოცარი ლექსის სტრიქონებს, ეს მათთვის ქვის ლოდია, რომელიც მკერდში გულის ნაცვლად უდევთ!
აი, რატომ დავემსგავსე წაუკითხავ, გადაუშლელ წიგნს.
აქამდე თქვენ მიმიყვანეთ, თქვენ, ხელისუფალნი რომ გქვიათ!
რატომ? _ იმიტომ, რომ თქვენ ვერ წვდებით სიბრძნეს.
“წიგნის მოყვარული ადამიანი ზიანს არასოდეს მოგაყენებს”.
თქვენ მე გული დამიმონეთ, მაგრამ სული?
მას თქვენი საქმეებით ვერ შეეხებით და იცით რატომ?
უფალი ჩემთანაა!
ეთერ ქადეიშვილი,
79 წლის ყოფილი ჟურნალისტი