დღეიდან შაქრის იმპორტზე გადასახადი წესდება. 100 კილოგრამზე მეტი ოდენობის იმპორტისას, 1 კგ შაქარი 40 თეთრის იმპორტის გადასახადით დაიბეგრება, რაც ტონაზე 400 ლარის მოსაკრებელს ნიშნავს. მთავრობის დადგენილება დღეიდან ამოქმედდება და ძალაში 2024 წლის 1 ივლისამდე იქნება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე არ განმარტავენ, რატომ მიიღეს გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება.
შაქრის იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადასახადის შემოღება პირდაპირპროპორციულად აისახება გასაყიდი შაქრის ღირებულების ზრდაზე, შესაბამისად მთავრობის მიერ შემოღებული გადასახადის გადახდა ისევ მომხმარებელს მოუწევს.
იმპორტიორი თენგიზ ფაცაცია, რომელიც შაქრის შემომტანი კომპანიების ათეულშია, „კომერსანტთან“ ამბობს, რომ იმპორტზე დროებითი გადასახადის შემოღება სარეალიზაციო შაქრის ფასს გაზრდის. ინდ. მეწარმეს უჭირს კონკრეტული რიცხვის დასახელება, თუ რამდენით გაძვირდება საქართველოს ბაზარზე სარეალიზაციო შაქარი, თუმცა თემურ ფაცაციას გაანგარიშებით, დღგ-ს ჩათვლით, 1 ტომარა შაქარის ფასი, დღევანდელი მოცემულობით, დაახლოებით 23 ლარით გაიზრდება.