გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში საქართველოს 4 ოფიციალური პირი დაასანქცირეს.
სანქციები დაუწესდათ შალვა ბედოიძეს, მირზა კეზევაძეს, კარლო კაციტაძესა და გიორგი გაბიტაშვილს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დაშვებაში 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.
სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.





























































