იდეამ, რომ სოფელ მამათში, მშობლიურ სახლში, ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მუზეუმი გახსნილიყო, ლანჩხუთის საკრებულოში წლების წინ გაიჟღერა. წინა მოწვევის საკრებულომ იმსჯელა კიდეც ამ საკითხზე და დროებითი სამუშაო შექმნა საკითხის ეფექტურად გადასაჭრელად. საკრებულოში ინიციატივის საფუძვლად ტურისტების დიდი ინტერესი სახელდებოდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ამ ინიციატივას ბატონი ედუარდის ოჯახის წევრებიც დადებითად შეხვდნენ. კერძოდ, პრეზიდენტის ძმისშვილი – ნუგზარ შევარდნაძე, თანახმაა სახლიც და ეზოც მუნიციპალიტეტს გადასცეს.
„უდუარდ შევარდნაძე უდიდესი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე იყო და მის მშობლიურ სახლში, საზოგადოებისა და ქვეყნის მასშტაბით ჩამოსული უცხოელი ტურისტების დიდი ინტერესის საფუძველზე, მემორიალური სახლ–მუზეუმის გახსნა იგეგმება“, – ამბობდნენ მაშინ საკრებულოში და მუზეუმის გახსნას 2018 წლისთვის აანონსებდნენ.
მაშინ საკრებულოს ამ ინიციატივას დადებიტად შეხვდნენ მამათლები და პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც, რომლებიც მზად იყვნენ სახლიც და მუზეუმიც მუნიციპალიტეტისთვის გადმოეცათ. თუმცა, რატომღაც ორი წლის წინ წამოწყებული ინიციატივა ამ დრომდე განუხორციელებელი რჩება.
ლანჩხუთის მერიაში ამბობენ, რომ საკითხი მართალია დროში გაიწელა, თუმცა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა-„ეს იქნება ტურისტული კერა, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ოჯახთან და ისინიც თანახმა იყვნენ. პროცედურული საკითხების მოგვარების შემდეგ ალბათ, ძალიან მალე განხორციელდება ეს პროექტი“.
სხვათაშორის საკრებულოს ამ ინიციატივას მოწინააღმდეგც ყავდა საქველმოქმედო ფონდ “ღვთის შვილების” ხელმძღვანელის, გოგიტა მურცხვალაძის სახით. მან თბილისში პარლამენტთანაც კი გამართა აქცია. პროტესტის მიზეზად კი ედუარდ შევარდნაძის მიერ მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ასახელებდა.
„შევარდნაძის სახლ-მუზეუმი არ უნდა გაკეთდეს, რადგან ამ ადამიანს არამარტო ჩემი ოჯახის მიმართ, არამედ ათეულობით, ასეულობით ოჯახის მიმართ ათასგვარი ცუდი რამ აქვს ჩადენილი”,- ამბობდა ის.