გახარია ივანიშვილის პროექტია, მაგრამ მისი შეცდომაცაა, აშკარად აიჭრა თამაშში, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, ივანიშვილი მიხვდა, რომ გამიჯვნა, ღრუბლებში ყოფნა და მარტო „კობახიძეების“ იმედად დარჩენა პირველ რიგში მას ავნებს.
“გახარია ივანიშვილის პროექტია, მაგრამ მისი შეცდომაცაა, აშკარად აიჭრა თამაშში. შესაბამისად, ივანიშვილის ბოლო განცხადება, გახარიას მოღალატეობის შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა გახარიას მაქსიმალური რადიკალიზაციის მცდელობა, ისევ „ოცნების“ გადასარჩენად. რადგან,
1. „ქართული ოცნების“ თავდაპირველმა გათვლამ, რომ გახარია ოპოზიციის ხმებს წაიღებდა არ გაამართლა და ის პირდაპირ დააჯდა „ოცნების“ ხმებს. საჭირო გახდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა – გახარიას რეალურ ოპოზიციონერად წარმოჩენა – ოპოზიციურ ხმებზე რომ ინადიროს და არა „ოცნების“ მხარდამჭერებზე.
მაგრამ, გახარია ოპოზიციონერი არ არის, ის შიდა კულუარული მოთამაშეა, რომელიც ვერასოდეს წავა ივანიშვილის წინააღმდეგ და ეს ფაქტია.
2. გახარიასთან გადაბარგებული ჩინოვნიკებიც, რომლებიც ასე მთავრობა-მთავრობა დადიოდნენ წლების მანძილზე, არა მგონია გახარიას გამო, ასე არხეინად დათმონ ამდენი ნაშოვნ-ნაწვალები, მითუმეტეს, რომ ყველამ კარგად იცის სუს-ის ჩართულობა ნებისმიერ არჩევნებში.
მოკლედ, ივანიშვილი მიხვდა, რომ გამიჯვნა, ღრუბლებში ყოფნა და მარტო „კობახიძეების“ იმედად დარჩენა პირველ რიგში მას ავნებს.
ასე რომ, თუ „ქართულ ოცნებას“ ცუდად წაუვიდა საქმე და ეს ასეც იქნება, ივანიშვილი მარტო განცხადებებით აღარ შემოიფარგლება და სავარაუდოდ ღიად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში.
აბა, ადამიანს, ვინც უკვე ორჯერ წავიდა პოლიტიკიდან, რაში აინტერესებს ვინ ვის რა ხმებს წაართმევს? ან საიდან იცის ვისი იმუნიტეტის მოხსნას ითხოვდა პრემიერი გახარია დახურულ პარტიულ შეხვედრაზე... _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.