საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია პრემიერ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიცია, ქართველი ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა არსად გამქრალა, ღირსება არ დაგვიკარგავს და კვლავ ჩვენი ღირებულებების ერთგული ერი ვართ!
მივმართავ უკრაინელ ხალხს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს.
დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო არ აპირებს შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და არ გეგმავს უკრაინაში ჩასვლას. ამასთან, ოცნებამ უკრაინაზე ოპოზიციის მიერ მოწვეული რიგგარეშე სხდომა ჩაშალა.