„ღია საზოგადოების ფონდი“, ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში, უსახლკარო პირების საცხოვრისების დემონტაჟის შესახებ.
მიგვაჩნია რომ, იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მთელს ქვეყანაში, პანდემიის ფონზე შეჩერებულია საცხოვრისიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება დემონტაჟს განიხილავს მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევად ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების უგულებელყოფით და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს გამოსახლებულ პირებს.
აღნიშნული, განსაკუთრებით მწვავეა დამძიმებული პანდემიური მდგომარეობის ფონზე. იმ პირობებში, როცა, შინ დარჩენის მოწოდების მიუხედავად, ათასობით ადამიანს არ გააჩნია თავშესაფარი პანდემიისგან მათი ოჯახების, მცირეწლოვანი ბავშვებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაცავად, თბილისის მერია, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს და ყოველგვარი გარანტიების გარეშე, ქუჩაში ტოვებს ათობით ოჯახს, ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის წინაშე.
მოვუწოდებთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში, თვითდახმარების მიზნით აგებული შენობების ნგრევის პროცესი, არ დაარღვიოს ამ შენობებში მაცხოვრებელთა საცხოვრისის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და უზრუნველყოს ამ ადამიანების ღირსეული საცხოვრისის გარანტიები”, _ წერია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.