“თუკი საქართველოს მოსახლეობა სექტემბრისთვის ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ათვისებას შეძლებს, მოხდება ეპიდემიის შეკავება და ქვეყანაში აღარ იქნება მეოთხე ტალღა”, _ ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, სადაც რამდენიმე საათის წინ დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოში ჩამოიტანეს აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის” ვაქცინის 500 000 დოზა.
„მილიონ ნახევარი კიდევ სხვა ვაქცინაა ქვეყანაში, რომელსაც ასევე, კარგი დამცველობითი უნარი აქვს ყველაზე მძიმე გართულებებისგან, როგორიც არის ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, სიკვდილიანობა. ამიტომ, უკვე სამნახევარი მილიონი ვაქცინის მარაგი იქნება ქვეყანაში, მომავალი ორი თვის განმავლობაში. ყველამ ვეცადოთ, მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ ავიცრათ. აცრა, პირველ რიგში, დაგიცავთ თქვენ, მეორე – აცრა დაიცავს თქვენს ირგვლივ მყოფებს და ყველა თქვენს მეგობარს. ასე რომ, არ გაავრცელებთ ინფექციას“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.