განათლების მინისტრს, ალექსანდრე წულაძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე ოქტომბერში დაინიშნა, ახალი მოადგილეები ჰყავს. 6 მოადგილიდან ორი – თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე, მანამდეც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდნენ, ოთხი კი ახალი დანიშნულია.
ახალი მოადგილეებიდან ორი სასამართლო სისტემებში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრია. მინისტრი წულაძეც განათლების სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე უზენესი სასამართლოს უვადო მოსამართლე იყო. ის მინისტრ ამილახვარის მოადგილედ 2023 წლის დეკემბებრში დაინიშნა.
პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. სხვადასხვა წლებში ის ამავე სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.
ახალი მოადგილეა ბაია კვიციანი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის ვერ მოხვდა „ქართული ოცნების“ ახალ პარტიულ სიაში, რომელიც 26 სექტემბერს გამოაქვეყნეს, თუმცა ცნობილია, რომ პარტიის ოცეულში მისი დის ქმარი შოთა ბერეკაშვილია – „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ახალი სახე.
შოთა ბერეკაშვილი ბიზნესმენია, ფლობს: შპს „ბკ ჰოლდინგის“ 50%-იან წილს; შპს „ბ.კ. კაპიტალ ჯორჯიას“ 100%-იან წილს; შპს „რიელ ესთეით სოლუშენსის“ 50%-იან წილს. საჯარო რეესტრის თანახმად, როგორც შოთა ბერეკაშვილი, ისე მაკა კვიციანი საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობენ. ბაია კვიციანი „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატია.
ახალი მოადგილეა გიორგი ჭინჭარაძე – 2024 წლის ნოემბრამდე ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
ახალი მოადგილე ანა მღებრიშვილი ნოემბრამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბიუროს უფროსი იყო. მანამდე კი, სააპელაციო სასამართლოში ანალიტიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.
წყარო: publika