როგორ წარიმართება პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელი ვეტოს შემდეგ პროცედურები და როგორი იქნება გამჭვირვალობის კანონის განხილვის სავარაუდო კალენდარი? – იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს:
“პრეზიდენტმა ბოლომდე არ გამოიყენა მოტივირებული შენიშვნების გაკეთებისთვის 2 კვირიანი ვადა და როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტების კანონს უბრუნებს პარლამენტს.
ახლა პარლამენტმა მომდევნო პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყაროს პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას, რისთვისაც აქვს საკმარისი ხმები;
მომდევნო სასესიო დღეები 28-31 მაისსაა და მანამდე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უნდა განიხილონ პრეზიდენტის შენიშვნები. ანუ, ყველაზე ადრე კანონის მიღების კალენდარი ასეთი შეიძლება იყოს:
20-27 მაისის ინტერვალში იურიდიულმა კომიტეტმა შენიშვნები შეიძლება განიხილოს;
28-31 მაისის ინტერვალში პლენარულ სხდომაზე ვეტოს გადალახვა. ამის შემდეგ საკანონმდებლო პროცედურები ფაქტობრივად მთავრდება და კანონი საბოლოოდ მიღებულია.
თუ ვეტო გადაილახება, სამი დღის ვადაში ეგზავნება პრეზიდენტს და 5 დღე აქვს ხელმოსაწერად;
ამ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, მისი ამოწურვიდან 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია მოაწეროს ხელი და გამოაქვეყნოს.
ზემოთ რაც დავწერე, ეს ვეტოს გადალახვის ყველაზე მოკლევადიანი სცენარია, თუმცა კანონმდებლობა არ ადგენს მაქსიმალურ ვადებს და ეს შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგაც გააკეთოს ოცნებამ, მაგალითად, მომდევნო თვეში/თვეებში, რისი შესაძლებლობაც პროცედურულად არსებობს.
⁉️ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?
მზად ვიყოთ ყველაფრისთვის და გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი.” _ წერს სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამჭვირვალობის კანონს დღეს ვეტო დაადო.
mtavaritv