საქართველოს საპატრიარქომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების თაობაზე, რომელშიც ვერ მოხვდა “ციანიდის საქმისთვის” ბრალდებული გიორგი მამალაძე პრესკონფერენცია გამარტა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს ის წერილი გააცნო, რომლითაც საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართა.
ჯაღმაიძის თქმით, წერილი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს, უმაღლესი ლეგიტიმაციისაა.
„საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ა.წ. 31 ოქტომბრის წმ. სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“,– აღნიშნულია წერილში.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად გააკეთა. შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.