გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან,_ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, 21 მაისს, ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან გათავისუფლება მოხერხდა. ისინი სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს.
ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის, გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს. მას შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო ასევე პრეტორიაში გაბონის საელჩოსა და დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებთან.
ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან 21 მაისს გაათავისუფლეს”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.