უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში 440-ზე მეტი ცხედრის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.
ხარკოვის რეგიონის პოლიციის მთავარმა გამომძიებელმა, სერხი ბოლვინოვმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ სასამართლო ექსპერტიზა ყველა ცხედარზე ჩატარდება.
“ჩვენ ვიცით, რომ ზოგი დახვრიტეს, ზოგი დაიღუპა საარტილერიო სროლის შედეგად, ე.წ. ნაღმების აფეთქების შედეგად. ამიტომ გარდაცვალების მიზეზი გამოძიების ფარგლებში დადგინდება.
შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ–ერთი უდიდესი საფლავია რაც აქამდე გვინახავს… 440 ცხედარი ერთ ადგილას დაკრძალეს“, – თქვა ბოლვინოვმა.
უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ იზიუმში აღმოჩენილი ზოგიერთი საფლავი “ახალი” იყო და რომ იქ დაკრძალული ცხედრები “ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეების” იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იზიუმის მასობრივი საფლავი ოკუპანტების მიერ ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებს შეადარა.
“რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამის გამო პასუხი უნდა აგოს“, – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის ძალებმა ქალაქი შაბათს, 10 სექტემბერს დაიბრუნეს.
ავტორი