თბილისის ვიცე-მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ულიმიტო სისტემის დეტალები განმარტა. ირაკლი ხმალაძის თქმით, ბარათი მრავალჯერადი იქნება. მოქალაქეს მხოლოდ ერთხელ მოუწევს ყიდვა და მუდმივად შეეძლება სხვადასხვა პაკეტის დარიცხვა. ასევე, ბარათის გამოყენებიდან მომდევნო გადახდა შესაძლებელი იქნება 15 წუთის შემდეგ, რაც გამორიცხავს იმას, რომ ერთი ბარათით ერთდროულად რამდენიმე მგზავრმა ისარგებლოს.
„ბარათი ერთჯერადი არ არის. მგზავრს მისი ყიდვა ერთხელ მოუწევს და ამ ბარათზე მუდმივად შეიძლება სხვადასხვა პაკეტის დარიცხვა. ახლა მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ შესაძლებელი იყოს, აბონემენტის პაკეტი საბანკო ბარათს მივაბათ. მეტრომანების მოხმარება ჯერ კიდევ დარჩება, რადგან ზედ დარიცხულია დეპოზიტი. ერთჯერადი მგზავრობის ცნება საერთოდ აღარ არის, რადგან გადახდის სისტემაში ვადიანი ბარათები შემოვიდა. ეს არის მგზავრის ნებაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა. თუ მომხმარებელი აქტიურია, ფასი კიდევ უფრო დაბალი გამოდის. სტუდენტური ფასდაკლება იმოქმედებს, ასევე, ფასდაკლება იქნება მოსწავლეებისთვისაც, სოციალურად დაუცველებისთვისაც, ომის ვეტერანებისთვისაც…“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
2022 წლის 1-ლი თებერვლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ვადიანი აბონემენტები დაინერგება.