საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, სახალხო დამცველი საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს კანონმდებლობაში ჯარიმების ოდენობაზე და უალტერნატივო პატიმრობებზე შეტანილ ცვლილებებსაც. ამის შესახებ ლევან იოსელიანმა გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.
„პროპორციულობის და თანაზომიერების პრობლემას ვხედავთ ჩვენ. უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენება, შემდგომში პირდაპირ სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება… ამიტომ ვთვლით, რომ ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობ რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ სასჯელების თანაზომიერების შესახებ.
მე იმედი მაქვს რომ ეს ძალიან საინტერესო განხილვა იქნება და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც დღეს არსებობს,“- განმარტა ლევან იოსელიანმა.
„მთელი რიგი დასაბუთება არის, თუ რატომ ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს ცალკეული მიმართულებებით. რაც შეეხება გაფრთხილებას [შსს-ს გაფრთხილება სანამ აქციას ჩაატარებ], გაფრთხილების შესახებ ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში, ეს არ არის სიახლე, ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ეს გაფრთხილება თავისი შინაარსით არ გახდეს რაღაც სავალდებულო ნებართვის აღებისმაგვარი, რაც თავისთავად კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.
მეორე მხრივ ამაზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომ ასეთი ტიპის გაფრთხილება არ უნდა გულისხმობდეს რაღაც სანებართვო ვალდებულებას აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც ვთქვათ სპონტანურად მართავენ აქციას. მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ჩვენ ძალიან საფუძვლიანად ვმუშაობთ ამ ცვლილებების მიმართულებით – დაწყებული ნიღბების ბლანკეტური აკრძალვიდან, დამთავრებული სხვა ტიპის ცვლილებებით, რომლებიც არის კანონმდებლობაში შესული,“ – თქვა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის თქმით, იმ უფლებებს, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული, წესით ვერაფერი ვერ უნდა შეეხოს. მან ასევე ისაუბრა აქციაზე ნიღბების ტარების აკრძალვაზე და თქვა, რომ არ მიაჩნია სწორად.


































































