პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის არ ენდობა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“.
„პენიტენციური სისტემა აცხადებს, რომ არ ენდობიან ექიმების დასკვნებს, რომ ისინი არინ სუბიექტურები და როგორც ჩანს, ისინიც ომის პარტიის წევრებად მიჩნიათ, მე კიდევ არ ვენდობი პენიტენციურ სისტემას“, – აცხადებს გიული ალასანია.
სააკაშვილის დედა ამბობს, რომ ოჯახის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.
„გავიხსენოთ, როგორ მდგომარეობაში, როგორ ფორმაში ჩამოვიდა ადამიანი აქ და ახლა შევადაროთ, დღეს როგორ გამოიყურება”, – აცხადებს გიული ალასანია.
8 მაისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რომ მას სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა და „სათანადო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ“.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.
წყარო: რადიო თავისუფლება