დეფოფლისწყაროში, გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად, მამაკაცი დაიწვა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 42 წლის კაცმა, საკუთარ ბინაში კუსტარული გაზის გამათბობელი თვითნებურად დაამონტაჟა.
არასწორი მონტაჟისა და ექსპლოატაციის შედეგად, ღუმელი აფეთქდა და დაშავებული, მძიმე დაზიანებებით, ჯერ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში, შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, დაზარალებულს სხეულის 90% დამწვარი ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა დედოფლისწყაროში 27 თებერვალს, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.
გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

































































