„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
წინა წლებისგან განსხვავებით, წელს გასამართი ღონისძიებების გეგმაში არ ფიგურირებს რუსთაველის გამზირი — ამის ნაცვლად შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა ალექსანდრეს ბაღში, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება.
კერძოდ, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა გასაფორმებელი დეკორაცია, საგამოფენო, საბავშვო, სპორტული, კულტურული, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცეები.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 17:10 საათზე, საზეიმო აღნიშვნა იგეგმება პრეზიდენტის სასახლესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, დაგეგმილია გალა-კონცერტის უზრუნველყოფა და სატელევიზიო ეთერით გადაცემა. კონცერტის ადგილი დაკონკრეტებული არ არის.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე და კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება.
იგეგმება თბილისის ანძისა და მშვიდობის ხიდის საქართველოს დროში ფერებში განათება.
სადღესასწაულოდ მოეწყობა ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია ( გიორგი ათონელის ქუჩა, ხაზინის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ვეკუას ქუჩა) და 9 აპრილის სახელობის ბაღი.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძება გაიმართება ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. მთავრობის გეგმის მიხედვით, აქ სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქსურენერგო მოაწყობს საგამოფენო სტენდს, უზრუნველყოფს გასართობ- შემეცნებით აქტივობებს, 26 მაისის ლოგოფოტოზონას, სხვადასხვა გასართონ ინსტალაციებს, კვების სივრცეს, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, სცენის მოწყობა-აღჭურვას, 17.10 საათზე შესრულდება საქართველოს ჰიმნი და საღამო კონცერტით დაიხურება. ქალაქის გაფორმებაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იზრუნებს.































































