გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალმა კაი-აჰიმ შენბახმა, ინდოეთში ვიზიტის დროს, რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა, მათ შორის, აღნიშნა, რომ უკრაინა ვერასდროს დაიბრუნებს ყირიმს, ხოლო მისი და საქართველოს ნატოში მიღება არ შეიძლება, _ იუწყება უკრაინული მედია.
“ყირიმი “წავიდა” და უკან არასდროს დაბრუნდება. ეს ფაქტია და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ფაქტობრივი მდგომარეობით და არა ემოციებით”, _ თქვა ვიცე-ადმირალმა.
შენბახის თქმით, უკრაინა ვერ აკმაყოფილებს ნატოს წევრობის კრიტერიუმებს, რადგან ნაწილობრივ ოკუპირებულია:
“დონბასი ოკუპირებულია რუსული არმიის ან როგორც უწიდებენ “ოპოლჩენცების” მიერ. შევხედოთ საქართველოს _ აკმაყოფილებს ის კრიტერიუმებს? დიახ! გონივრულია მისი ნატოში მიღება? არა! ბალტიის ქვეყნებთან მიმართებაში სულ სხვა სიტუაცია იყო _ ისინი ოკუპაციამდე დამოუკიდებელი ქვეყნები იყვნენ, უკრაინა კი საბჭოთა კავშირში შედიოდა”, _ თქვა შენბახმა.
ვიცე-ადმირალის თქმით, პუტინი ზეწოლას ახორციელებს ევროკავშირზე იმიტომ, რომ შეუძლია ამის გაკეთება და უნდა ევროკავშირის დაშლა:
“პუტინს სურს, რომ მას პატივს სცემდნენ. მე რომ ვწყვეტდე ამ საკითხს, იგი მიიღებდა ჩემგან ამ პატივისცემას და ის ამას იმსახურებს. რუსეთი ძველი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენ _ გერმანიას და ინდოეთს რუსეთი გვჭირდება”, _ თქვა შენბახმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შენბახის ეს განცხადებები სპეციალური განცხადებით გააპროტესტა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ შენბახის ეს მოსაზრებები არ წარმოადგენს გერმანიის ოფიციალურ პოზიციას და ადმირალმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტებები.