,,გურია ნიუსი“ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასა და ზოგადად, პარტიათა ძალთა გადანაწილებაზე ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ გიგი წერეთელს ესაუბრა.
_ არის რამდენიმე მექანიზმი, რომლითაც გამოვავლენთ საპრეზიდენტო კანდიდატს, პრაიმერის ან კვლევების ჩატარების გზით. დღესდღეობით, მნიშვნელოვანია, ზოგადად, ოპოზიციურმა სპექტრმა წესები შეიმუშაოს იმისათვის, რომ სახელისუფლებო კანდიდატს ერთიანი ძალებით გაუწიოს მეტოქეობა და გაიმარჯვოს. აუცილებელია, შეიქმნას პრეცენდენტი იმისა, რომ ხელისუფლების გარდა სხვა პოლიტიკურმა პარტიამაც მოიპოვოს გამარჯვება, ამიტომ თუკი რეალურად მოხერხდება საერთო კანდიდატის გარშემო ოპოზიციის მობილიზება პირველ ტურამდე ან მეორე ტურში ძალიან კარგი იქნება.
_ ბატონო გიგი, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია შეთანხმდება და მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატს ოპონირებას გაერთიანებული ოპოზიცია გაუწევს, ეს ფაქტი ხომ არ გამოიწვევს პარტიებისადმი ინტერესთა აღრევასა და მოქალაქეთა ხმების დაკარგვას?
_ ასეთი საშიშროება ყველა არჩევნების დროს შეიძლება არსებობდეს. შესაძლოა, საზოგადოების ნაწილი არჩევანს არ აკეთებდეს, რადგან არავინ მოსწონდეს. ვფიქრობ, რომ პროცესისთვის და ქვეყნისთვის, უკეთესი იქნება თუკი ოპოზიცია და მითუმეტეს, პროდასავლური ოპოზიცია, მონახავს საშუალებას და ერთ კანდიდატს დაუჭერს მხარს მეორე ტურში. პირველ ტურში შეიძლება რთული იყოს და პარტიულ ხმებს გარკვეული საშიშროება შეუქმნას, მაგრამ მაშინ, როცა პირველი ტური გავლილი იქნება, პრაიმერის გზით უფრო იოლი უნდა იყოს ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება.
_ თქვენ საუბრობთ საერთო ოპოზიციური კანდიდატის დასახელების აუცილებლობაზე, ვინ მიგაჩნიათ დღევანდელი მოცემულობით ღირსეულ საპრეზიდენტო კანდიდატად?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ღირსეული კანდიდატები არიან ოპოზიციაში და თან არა ერთი და ორი. არიან ადამიანები, ვისაც აქვს გამოცდილება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ასეთი ადამიანები შეიძლება გამოიძებნოს. მთავარია, ამ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება ღია და სამართლიან საარჩევნო პროცესში ჩაერთონ.
_ შესაძლოა, მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატად თეა წულუკიანი ან სალომე ზურაბიშვილი დაასახელოს. როგორ შეაფასებდით მათ?
_ ვერ გეტყვით, არ მგონია, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს. მე არ შემიძლია შეფასება დავიწყო მათი შესაძლებლობების. ხელისუფლების გადასაწყვეტია, ვის დაასახელებს. მმართველ გუნდს კარგად უნდა ესმოდეს მათი მისწრაფება იმის შესახებ, რომ საარჩევნო პროცესი დასრულდება ხელისუფლების სასარგებლოდ ძალიან აზარალებს ქვეყნის იმიჯსა და დემოკრატიას.