“ღვაწლმოსილი ენტომოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ქალბატონი ანგელინა ნიკოლაშვილი გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქალბატონი ანგელინას კოლეგა, თემურ რევიშვილი ავრცელებს.
“სამწუხარო ინფორმაცია! _ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ენტომოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ქალბატონი ანგელინა ნიკოლაშვილი.
ქალბატონმა ანგელინამ თითქმის 65 წელი მიუძღვნა სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის მეცნიერულ უზრუნველყოფას. დიდია მისი დამსახურება სუბტროპიკული კულტურების და დეკორაციული მცენარეების მავნებლების ბიოეკოლოგიის, ბიოლოგიური თავისებურებების და მავნეობის ხასიათის შესწავლის მიმართულებით, აგრეთვე ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში.
ამაგდარი მეცნიერი, მისთვის ჩვეული ენერგიით და ხალისით, სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პრაქტიკულ ხასიათის სამუშაოებს ფაროსანას ბიოლოგიის და ეკოლოგიის შესწავლის მიმართულებით. კვლევის შედეგები დიდ დახმარებას უწევს ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებს.
მშვიდობით ძვირფასო კოლეგავ და მეგობარო,
მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა!
ღრმა მწუხარებით, ანასეულელი მეგობრები და კოლეგები
დაკრძალვა ქ. ოზურგეთში, კვირას 12 დეკემბერს”, _ წერს თემურ რევიშვილი.
გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ანგელინა ნიკოლაიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.