ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. შემოქმედის საჯარო სკოლაში, საქართველოში დატრიალებული ტრაგედიებიდან გამომდინარე, მოკრძალებულად აღინიშნა ეს დღე.
შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო სადრაძემ მოსწავლეებს და მასწავლებლებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
სკოლაში შეკრებილმა საზოგადოებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვსა და გურიაში დაღუპული ადამიანების ხსოვნას.
სკოლის დირექტორის, ნინო სადრაძის თქმით, ღვაწლმოსილი პედაგოგი ვენერა გოლიაძე ყოველწლიურად მისალოც ბარათს აგზავნის.
„გურია ნიუსი“ გთავაზობთ ვენერა მასწავლებლის წერილს, რომელიც მან პირველკლასელებს გაუგზავნა.
„პირველკლასელებო, ჩემო ლამაზო ჩიტუნებო!
დიდი სიყვარულით და კეთილი სურვილებით მინდა ყველას მოგეფეროთ და მოგილოცთ დღევანდელი დღე. ეს დღე თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ, დღეს თქვენთვის აწკრიალდება პირველი ზარი, ზარი, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში იწყება ახალი ერა, ერა სიკეთის, სიხარულის, განათლების.
ასპარეზი თქვენია, იბეჯითეთ, ისწავლეთ, იზარდეთ და იარეთ ნათელი გზით სულ წინ და მაღლა!
კეთილი სურვილებით: ვენერა მასწავლებელი“.
ავტორი