გორში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს, რომელსაც თან წერილი ახლდა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მიხედვით დაიწყო.
„გორში ღვთისმშობლის ეკლესიაში ხელყუმბარა იპოვეს. ხელყუმბარას თან ახლდა წერილი, რომელშიც წერია, რომ პირმა არ იცოდა, სად წაეღო ხელყუმბარა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ფლობდა და პოლიციისთვის გადაცემა ანონიმურად გადაწყვიტა.
ხელყუმბარა არ იყო საბრძოლო მოქმედებაში, საფრთხე არავის ემუქრებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას“, _ ამბობენ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში.