მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე “გურული დღიურების“ საფუძველზე ფილმის გადაღებას აპირებს. ამის შესახებ თავად მწერალმა გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს.
“დავიწყეთ გურული დღიურების ერთ ეპიზოდზე მუშაობა. ერთი კაცია, რომელსაც ცოლის შერთვა უნდა და ცდილობს, ეს საქმე ტელეფონის მეშვეობით მოაგვაროს. ამ თემაზე აეგება მთელი ფილმი, მაგრამ რეალურად იქნება ყველა ის მოცემულობები, დღეს რაც არის გურიაში, თავისი თხილის და ფაროსანას თანხლებით, ასახული ის ყოფა-ცხოვრება, რომელშიც დღეს ცხოვრობენ გურულები. მოსამზადებელ პერიოდს ერთ-ერთი კერძო კომპანია აფინანსებს, მაგრამ ფილმის გადაღების დაფინანსებაზე ვინ იზრუნებს, ჯერ ცნობილი არ არის. სექტემბერში ჩამოდიან პროდიუსერი და სცენარისტი ამერიკიდან, ისინი დაგვეხმარებიან ფილმის გადაღებაზე.
ამ ეტაპზე სცენარის მომზადება არის დაწყებული და ჩამოვედით გურიაში,. გადაღებები დაგეგმილია ჩოხატაურში, ოზურგეთში და მცირე ნაწილი _ ლანჩხუთში“, – გვითხრა გიორგი კეკელიძემ.
გიორგი კეკელიძე ფილმს ცნობილ ქართველ რეჟისორთან, ლევან კოღუაშვილთან გადაიღებს.
“გურიაში ფილმისთვის მასალას ვაგროვებთ. ეს დღეები კი არა, ჩემი საბიბლიოთეკო შვებულება სასექტემბროდაც ამ საქმეს მოხმარდება აგვისტოს ბოლოს გამოკლებით. თხილის ჩასაბარებელი პუნქტებიდან დაწყებული მაღალმთიანი სოფლების ამბულატორიებით დასრულები არაერთი ადამიანი აღმოვაჩინეთ, საკუთარი ღრმა და დარდიანი სამყაროთი, ჯიუტი იუმორი რომ ნიღბავს თუ კურნავს. დიდი სიღარიბე და ცოტა გაუგებარი იმედიც – ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა. ამ ადამიანებზე დაკვირვება, მათი ფიქრის გაზიარებაა ჩემი სამომავლო და უმთავრესი საქმე. და კიდევ, უზამრამაზრი მადლობა მათ ასეთი დიდი სიყვარულისთვის“, _ წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.