,,მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის არის პუტინის პატიმარი“ – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი მარველაშვილის განცხადებით, სწორედ პუტინის პირადი ინტერესია, რომ სააკაშვილი იყოს „ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი“.
ასევე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიზანი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა სულაც არ იყოს.
„ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში ჩემთვის ხაზგასმით არის პუტინის პატიმარი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ის არის საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, პოლიტიკოსი არა მარტო საქართველოს კონტექსტში, არამედ სხვა თვალსაზრისითაც. რამდენიც არ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან უთანხმოებები, წარსულში ან მომავალში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი. ეს არის ჩემი პირადი შეფასება ამ ვითარების, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვისაუბრეთ.
მაგრამ ერთადერთი აქტორი მთელ ამ პროცესში, რომლისთვისაც ეს მხოლოდ წარმატებაა და დადებითის მომტანია, ამასთან, არავითარი ფასის გადახდაც არ უხდება ამაში, ეს არის რუსეთი და პუტინი. ვუშვებ იმ შესაძლებლობას, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებელია არც აწყობს ასეთი დაძაბულობის კერა, მაგრამ ის, ვისაც ნამდვილად აწყობს და მოსწონს ეს, არის ჩვენი ქვეყნის ჩრდილო მეზობელი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
[sexy_author_bio]