ოზურგეთში ცნობილი ქორეოგრაფისა და ლოტბარის, საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის მე-10 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი 6 ივლისს დაიწყო და 9 ივლისს დასრულდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსიისა და ესტონეთის ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა ანსამბლებმა.
სტუმრები მოხიბლული დარჩნენ სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში სტუმრობით და ორიგინალური მასპინძლობით.
9 ივლისს ოზურგეთში ფესტივალში მონაწილე ანსამბლების საზეიმო მსვლელობა მოეწყო.
ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
_მსგავსი საერთაშორისო ფესტივალები არა მარტო ფოლკლორის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვანია იმითაც რომ ტურიზმი განვითარდეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს გურიის რეგიონის შესახებ, _ თქვა ზურაბ ნასარაიამ საზეიმო გალა-კონცერტის წინ.
გალა-კონცერტის შემდეგ გაიმართა მონაწილე ანსამბლების დაჯილდოება.
გრან-პრის მფლობელი გახდა ყაზახეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი “კარნავალი”. ფესტივალის მონაწილეები პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით, სხვადასხვა პრიზებით და ფესტივალის ლაურეატის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
კონკურს-ფესტივალი ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის კულტურის განყოფილების, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და საზოგადოება “არტ-გურიას” ორგანიზებით ჩატარდა.