გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დღეს, 23 იანვარს დატოვა. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 7 თვე იყო პატიმრობაში.
გიორგი ვაშაძე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერია. იგი ე.წ. წულუკიანის საგამოძიებოს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 2025 წლის 24 ივნისს დააკავეს.
„შემართებით ვარ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი… მინდა, მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის და არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე და ბედნიერად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში.
მინდა, რომ საპატიმროში არავინ აღარ იყოს, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ.
რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ იმდენად დიდია, რომ არცერთი დღე არ გამჭირვებია… მინდა მართლაც საოცარი პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების მიმართ… მადლობა მათ მშობლებს, დედებს, საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის, ყოველდღე, როცა ჩართავ ტელევიზორს ციხეში, მყარად ხარ და ძლიერად ხარ,“ – უთხრა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

































































