„სულ მუდმივად იმის თქმა, რას ჰყოფდით თუ ისევ აერთიანებდით, ლეგიტიმური შეკითხვაა, მაგრამ არსებობს აუცილებლობა, რასაც ჰქვია მართვის რაციონალიზაცია, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება. გარდა ამისა, არის მრავალი საკითხი _ ქალაქის და მიმდებარე რაიონების ერთ სივრცეში განხილვა, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული პროექტების გახორციელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი თემაა.
აქედან გამომდინარე, არავითარი იდეოლოგიური რესურსი არ გააჩნია ოპონენტს, რომ იძახოს, მაინცდამიანც უქმდება თვითმმართველობაო. მაგალითად, ოზურგეთის თვითმმართველობა იქნება გაფართოებული და ექნება ის ფუნქციები დამატებული, რასაც ჰქვია ოზურგეთის გარშემო რაიონების მართვა“, _ ასე აფასებს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ქალაქების გაერთიანების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი.
მისივე თქმით, თავის დროზე, ქალაქების გაყოფა შეცდომა არ ყოფილა:
_ ვერ დავარქმევდი შეცდომას, ამას არ გამოუწვევია რაიმე მძიმე შედეგები. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მეტი მნიშვნელობა აქვს მართვის დახვეწას, პასუხისმგებლობების გაფართოება, რეგიონალური მთავარი ქალაქების გარშემო ამ მართვის რესურსების მობილიზებას და ალბათ, ეს უკეთეს შედეგს მოიტანს მართვის თვალსაზრისით, _ აღნიშნავს ვოლსკი.
_ ბატონო გიორგი, პარლამენტის თავმჯდომარემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით, კონსტიტუციაში ბევრი ცვლილება იგეგმება. ირაკლი კობახიძემ საკუთარ ინიციატივებზეც გვესაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, უმჯობესია, თუ სოციალური დახმარებების გაცემის საკითხს ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტს და არა ცენტრი. ეთანხმებით ამ მოსაზრებას და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად, რა ცვლილებები შედის ამ მიმართულებით კონსტიტუციაში?
_ არის რაღაც საკითხები, თუმცა, მე ზუსტ ჩამონათვალს ვერ გავაკეთებ. არჩეული მერის პასუხისმგებლობები თავისი ამომრჩევლის წინაშე არ უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ იმ ფუნქციებს, რასაც ქვია, ვთქვათ, პროექტების მართვა ან ტენდერების ჩატარება. არის ბევრი საკითხები სოციალურ თემებთან დაკავშირებული, რომელიც ცენტრალური ორგანოების ჩარევით ხდება და რომელიც ძალიან თავისუფლად შეიძლება ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაწყვიტოს. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ განვითარების ახალ ეტაპზე ვართ და რაღაც გარკვეულ თემებზე თუ უფრო მეტ საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივ თვითმმართველობას და ეს ნიშნავს, რომ იმედი გაქვს, რომ უახლოეს პერიოდში თვითმმართველობა გაცილებით უფრო ძლიერი იქნება და ეს მაჟორიტარული სიტემის გაუქმების თემასთან პირდაპირ კორელაციაში მოდის.
_ თქვენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეთანხმებით?
_ პირადად არ მომწონს ეს იდეა, მაგრამ გვარწმუნებენ, რომ 2020 წლისთვის უკვე უნდა გვქონდეს ისეთი ძლიერი თვითმმართველობა, რომ თვითონ წარმოადგენდეს თავის ხალხს, თავის რეგიონს ცენტრალურ ორგანოებში.
_ ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მაჟორიტარები ფეოდალებად გრძნობენ თავს…
_ ეს იყო 2012 წელს, თუმცა, კონკრეტულ ადამიანებზე არ იყო აქ საუბარი. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც მაჟორიტარები რაიონში დამლაგებლის დანიშვნაშიც კი ერეოდნენ.
_ ახლაც რომ ხდება?
_ არ ვიცი, ახლა რა ხდება.
_ მაგალითისთვის შეგვძლია გავიხსენოთ დეპუტატი წილოსანი, რომელიც ჩოხატაურის საკრებულოს მმართველი ფრაქციის სხდომაზე შევიდა და პირდაპირ მოითხოვა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერა…
_ შეიძლება, ნინო წილოსანს ფორმულირება ისე რა გამოუვიდა, როგორც საჭირო იყო გამოსვლოდა, მაგრამ ის დრო წავიდა, როდესაც ვინმეს რამეს დაავალდებულებს. ფრაქციას შეუძლია, არ დაუჯეროს, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა და ეს არის მიღწევა. წილოსანსაც ნუ დავადანაშაულებთ იმაში, რომ რაღაც თავისი მოსაზრება თქვა. მე მახსოვს დრო, როდესაც ფრაქციის მიერ რაღაცის არ დაჯერება ტოლფასი იყო სერიოზული სანქციის. ასე რომ, თუკი, ნინო წილოსანმა რაღაც სიტყვაზე ფორმულირება არასწორად ჩამოაყალიბა, მთავარია, რომ ატმოსფეროა სწორად ჩამოყალიბებული. აი, ეს არის მთავარი და ამ ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში ნინო წილოსანს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგი ვოლსკიმ.